თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" წევრმა ზაზა გაბუნიამ ბრიფინგი გამართა, რომელზედაც მდინარე მტკვრის ეკოლოგიურ მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, მტკვრის სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება გრძელდება, რითაც პოტენციური საფრთხე ექმნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მტკვრის წყალს (სასმელად, თევზჭერისთვის, ირიგაციული საჭიროებისთვის) იყენებენ.
"ეკოლოგიური და ბიოლოგიური მონიტორინგის ასოციაციის კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მტკვარში თევზის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, რაც წყალში დასაშვებზე სამჯერ ნაკლები ჟანგბადითა და ნორმალურ ზღვარზე სამჯერ მეტი მარილის რაოდენობით არის გამოწვეული. აღნიშნულის მიზეზი, კი მდინარის საქალაქო კანალიზაციითა და სამრეწველო საწარმოების ნარჩენებით დაბინძურებაა, რისგანაც მტკვარს მდინარეში დამონტაჟებული ფილტრები ვერ იცავენ. მით უმეტეს, რომ მათ შორის გამართულად მხოლოდ ერთი, თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე არსებული ფილტრი მუშაობს",-აღნიშნა გაბუნიამ.
გაბუნიამ ხელისუფლებისგან მტკვრისა და მისი რესურსების ინტეგრირებული მართვის გეგმის შემუშავება და ევროსაბჭოს მიერ მიღებული ჩარჩო-შეთანხმების გათვალისწინება მოითხოვა, რომელიც მტკვრის ეკოლოგიურ სტანდარტებთან გატოლებას გულისხმობს.
"მტკვრის სისუფთავე, თავისთავად, დედაქალაქის პრესტიჟსაც უკავშირდება. ვფიქრობ, თბილისში ასეთი დაბინძურებული და შეფერილობისა წყალი არ უნდა მოედინებოდეს",-მიაჩნია გაბუნიას.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გარემოს დაცვის სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის უფროსმა მარინა არაბიძემ გააკეთა.
მისი განცხადებით, თბილისის მიდამოებში მტკვრის დაბინძურების დონე გამოკვლეული იქნა. მტკვრის ხარისხის კონტროლის აპრილის მონაცემებით, მდინარეში ჟანგბადისა და მარილის რაოდენობა საქართველოში დაწესებულ ნორმებს შეესაბამება.