სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ავრცელებენ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებას 1-ელ აპრილს მე-8 სკოლაში მომხდარ ფაქტზე ადკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს. განცხადებას ხელს "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, სხვადასხვა გაზეთი, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და ბლოგერები აწერენ.
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს მომხდარ ფაქტზე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მანდატური გიორგი ინასარიძე და მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო ნიკოლაშვილი დაკავებული თანამდებობიდან, რათა მომავალში აღიკვეთოს მსგავსი ხასიათის სამართალდარღვევები და თვითნებობა მანდატურებისა და სკოლის დირექციის მხრიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გამოხატვის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს მანდატურ გიორგი ინასარიძის ქმედება. შეხვედრის მონაწილეთა აზრით, მანდატურმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და პოლიტიკური შინაარსის შემცველი სამართალდარღვევის აქტი შეუდგინა მათემატიკის მასწავლებელ ლალი კიკნაძეს, რაც შემდგომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების მოტივი გახდა.
"თბილისის მე-8 საჯარო სკოლის მანდატურის, გიორგი ინასარიძის მიერ ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელის ლალი კიკნაძის სახელზე 2011 წლის 2 მარტს შედგენილი სამართალდარღვევის აქტი შემდეგნაირად იკითხება: "ლალი კიკნაძემ სამასწავლებლოში სხვა პედაგოგების თანდასწრებით უხეშად, ყვირილით, მიმართა მანდატურებს და გამოხატავდა უნდობლობას მთლიანად მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით". მოგვიანებით დირექტორ ელისო ნიკოლაიშვილის ბრძანების საფუძველზე, კიკნაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. მის ინტერესებს ამჟამად არასამთავრობო ორგანზაცია "კონსტიტუციის 42-ე" მუხლი იცავს.
მიგვაჩნია, რომ სახეზეა მანდატურის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, ვინაიდან "ზოგადი განათლების შესახებ" კანონის მიხედვით, სკოლის მანდატურთა ძირითადი ფუნქციაა: "მოსწავლეთა მიმართ აღმზრდელობითი ხასიათი ღონისძიებების გატარება, სკოლაში წესრიგის დაცვა და სამართალდარღვევის აღკვეთა". მანდატურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის აქტი კი წარმოადგენს პოლიტიკურ განცხადებას, რაც ზღუდავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის სამსახურისაგან განთავისუფლებას", - აღნიშნულია განცხადებაში.