"არსებობს ერთადერთი რამ - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების სრული კონტროლი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა რუსეთსა და საქართველოს ვმო-ს ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკების შეფასებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ამ საკითხზე ერთადერთი გამოსავალი არის, რომ უნდა იყოს სრული შესაძლებლობა, ქართულმა მხარემ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილება გააკონტროლოს.
"ახლა რაღაც მოიფიქრონ, როგორ შეიძლება ეს შევცვალოთ, ჩავანაცვლოთ, სხვაგვარად გავაკეთოთ. სხვაგვარად არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთადერთი რამ - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების სრული კონტროლი", - აღნიშნა დეპუტატმა.
კუბლაშვილის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების კონტროლის საკითხზე ქართული მხარე პოზიციას არ შეიცვლის და ამ კუთხით რაიმე ალტერნატიული წინადადება არ განიხილება.