"ალ-ქაიდას" ლიდერი უსამა ბინ ლადენი ცოცხლად აიყვანეს, მოგვიანებით კი ცოლ-შვილის თვალწინ დახვრიტეს. ამის შესახებ ტელეარხი Al Arabiya პაკისტანის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება.
ეს ინფორმაცია ბინ ლადენის 12 წლის გოგონას დაკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც ხუთ ბავშვთან ერთად იმ სახლში იმყოფებოდა, სადაც მსოფლიოს პირველი ტერორისტი აფარებდა თავს.
წყაროს ცნობით, თავდასხმის დროს ბინ ლადენი შენობის პირველ სართულზე იმყოფებოდა.
ლიკვიდაციის შემდეგ ტერორისტის სხეული ამერიკელმა ჯარისკაცებმა შვეულმფრენამდე მიწაზე ათრიეს. სავარაუდო ინფორმაციით, ამერიკულმა სპეცდანიშნულების რაზმმა შვეულმფრენზე ორი სხეული აიტანა_თვით ბინ ლადენის და მისი ვაჟის. ბინ ლადენის ვაჟთან დაკავშირებით კი ორი გამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს. ერთის თანახმად, იგი დაჭრილია, მაშინ, როცა მეორე ინფორმაციით _ ბინ ლადენის შვილი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბინ ლადენსა და მის მომხრეებს ამერიკული სპეცრაზმის შვეულმფრენის მიმართულებით არ გაუსვრიათ და მათთვის შეიარაღებული წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
პაკისტანურმა სპეცსამსახურებმა სახლში ვერანაირი იარაღი ვერ აღმოაჩინეს. ამასთან, შენობას ბუნკერიც არ ჰქონია.
"ორშაბათსა და სამშაბათს მთელი სახლი შევამოწმეთ, სადაც არანაირი ბუნკერი, არანაირი გვირაბი არ ყოფილა. არ მესმის, რატომ იმალებოდა იქ ბინ ლადენი", _ აღნიშნა პაკისტანის სპეცსამსახურის წარმომადგენელმა. მან დააკონკრეტა, რომ სახლი სამსართულიანი იყო და 134 ოთახისგან შედგებოდა.