საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია - "საქართველოს ელექტრონული პირადობის მოწმობა".
კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები. ღონისძიების მხარდამჭერები არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა - ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა და საქართველოს ICT ბიზნეს საბჭო.
საქართველოში იწყება უპრეცენდენტო პროექტი - მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება ელექტრონული ID ბარათების გაცემა. ეს არის პროექტი, რომელიც მთლიანად შეცვლის და გაამარტივებს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას; ეს არის სახელმწიფო სერვისების სრული ავტომატიზაციიის საშუალება და ოცდამეერთე საუკუნის, პროაქტიული სერვისებზე გადასვლის შესაძლებლობა. ID ბარათების შემოღებით საქართველო გახდება სამაგალითო ქვეყანა ელექტრონული მმართველობის კუთხით. ეს არის ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის - პროექტი არის გარღვევა სერვისის მარკეტინგის სფეროში; ბიზნესისათვის კი შემდგომი ზრდის განუსაზღვრელი პერსპექივა.
კონფერენციის პირველი დღე ელექტრონული პირადობის მოწობის პრეზენტაციას დაეთმო, კომპანია „მიულბაუერის" წარმომადგენელმა მარკო ვანდერვიდმა შეხვედრაზე ელექტრონული ბარათების პროექტი წარმოადგინა, კონფერენციის მონაწილეებმა პირველად ნახეს, თუ როგორი იქნება ქართული ელექტრონული პირადობის მოწმობა. გერმანული კომპანია „მიულბაუერი" ქართული ელექტრონული პირადობის მოწმობების დამზადებისა და პერსონალიზაციის სისტემის დანერგვას ახორციელებს.
"ჩვენი მიზანია მოსახლეობას და კერძო ბიზნესს სახელმწიფოსთან ურთიერთობა გავუადვილოთ. ეს მართლაც გაკეთდა, რასაც ადასტურებს, როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე საგადასახადო და პოლიციის რეფორმა. შემდეგი ნაბიჯი უკვე არის ელექტრონული ბარათების სისტემაზე გადასვლა, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ რეფორმების გზაზე", - განაცხადა გილაურმა.
როგორც გიორგი ვაშაძე განმარტავს, ID ბარათების პროექტის განხორციელებით საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა გახდება, ვინც მსგავსი ინოვაცია განახორციელა. მისი თქმით, ID ბარათით საშუალება გვექნება სახელმწიფო სექტორში არსებული ყველა სერვისი ონლაინ რეჟიმში გადავიდეს და სხვადასხვა მომსახურების მისაღებად ამა თუ იმ უწყების ოფისებში მისვლა საჭირო აღარ გახდეს.
"ჩვენ ახლაც ვართ სამაგალითო ქვეყანა რეფორმების კუხით, ხოლო ID პროექტი კიდევ უფრო გაზრდის ინტერესს საქართველოსადმი", - განაცხადა ვაშაძემ.
შეხვედრაზე ესტონეთისა და ლიტვის დელეგაციების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ესტონეთსა და ლიტვაში მოქმედი ელექტრონული ბარათები წარმოადგინეს და სახელმწიფო და კერძო სექტორებში მათ ფუნქციონირებაზე ისაუბრეს.