თბილისის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის გამოყოფილ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტომანქანის გაჩერების შემთხვევაში მისი სპეციალურ სადგომზე გადაყვანა მოხდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".
კანონპროექტის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოსატრანსორტის პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მეირ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმართველობის ან მისი მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია, ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დედაქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის პარკირების ადგილებში სპეციალური სადგომები არ არის გამოყოფილი.
როგორც ადამიანის უფლებისა და ინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა კახაბერ ანჯაფარიძემ განაცხადა, თბილისის საკრებულოსთან უკვე დაიწყო მოლაპარაკება, რომ შესაბამისი ადგილების მოწყობა უზრუნველყონ.