თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, ნინო თევდორაძის განცხადებით, დიღმის ტყეპარკის 7 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთისთვის სარეკრეაციო სტატუსის მოხსნა კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დაცვით იყო განპირობებული.
გენერალური გეგმის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკს სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც აღნიშნულ ტერიტორიას ნებისმიერი სახის მშენებლობისგან იცავს. თუმცა 2009 წლის სექტემბერში თბილისის საკრებულომ აღნიშნულ გეგმაში ცვლილება შეიტანა.
"იმ ნაწილზე, რომელსაც სტატუსი შეეცვალა, ამჟამად არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს. კერძო მესაკუთრეებს აღნიშნული ტერიტორიის ფლობის უფლება და მასზე მშენებლობის ნებართვები 1999 წლიდან ჰქონდათ მიღებული, ხოლო დიღმის ტყეპარკში მშენებლობაზე ახალი ნებართვები წლებია აღარ გაცემულა. მომავალში მისი გამოყენება, განაშენიანება და განვითარება მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებელი პარკის სტატუსით მოხდება", _ აღნიშნა თევდორაძემ.