საქართველოში რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ განაცხადა.
„ჩვენ გავზომეთ ჰაერის დაბინძურების დონე, გამა-გამოსხივება და რადიაციული ფონი, რომელიც ნორმის ფარგლებშია და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის,"_აღნიშნა მარინა არაბიძემ.
გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველო არის რეგიონის ცენტრი, საიდანაც მთელი შუა აზიის ქვეყნები ავტომანქანებით მარაგდება. საექსპორტო მანქანების ძირითადი ნაწილი სწორედ იაპონიიდან შემოდის, რის გამოც საქართველოში გამკაცრებულია იმ ტვირთების რადიაციული ფონის კონტროლი, რომლებიც ქვეყანაში საჰაერო და საზღვაო გზით შემოდის. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში იაპონიიდან შემოსულ ავტომანქანებზე მომატებული რადიაციული ფონი არ დაფიქსირებულა.
ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 13 მეტეოსადგურს სპეციალური ხელსაწყოები გააჩნია, რომელთა მეშვეობითაც ჰაერში გამა გამოსხივების დონის გაზომვა ყოველდღიურად ხორციელდება.
შეგახსენებთ, გარემოს დაცვის სამინისტროს რადიაციული უსაფრთხოების სპეციალისტებმა იაპონიიდან შემოყვანილ ავტომანქანებზე უახლესი ტიპის დეტექტორებით რადიაციული ფონი შეამოწმეს. იაპონიაში განვითარებული მოვლენებისა და ფუკუსიმას რეაქტორზე მომხდარი აფეთქების შემდეგ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ შესაძლოა, საქართველოში იმპორტირებულ ავტომანქანებზე რადიაცია მომატებული იყოს.