ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ ორ სომალელ მეკობრეს, რომლებიც 2009 წელს ესპანურ ტრაილერ "ალაკრანს" თავს დაესხნენ, განაჩენი გამოუტანა. თითოეული მეკობრე 36 მუხლის მიხედვით დამნაშავედ ცნეს და 439 წლით ციხეში გაამწესეს.
განსასჯელები აბდუ ვილი და რააგეგესი აჯი ჰამანი ეკიპაჟის წევრების უკანონოდ დატყვევების, შეიარაღებული ძარცვის გამო დამნაშავედ მიიჩნიეს. ამავდროულად, მათ ტერორიზმის, წამებისა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდება მოუხსნეს.
დაპატიმრებასთან ერთად, მეკობრეებს "ალაკრანის" ეკიპაჟისთვის კომპენსაციის გადახდა დაევალათ. კერძოდ, მეკობრეებმა გემის თითოეულ წევრს 100 ათასი ევრო უნდა გადასცენ.
დაკავებულები საკუთარ ბრალეულობას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეკობრეთა თავდასხმის მსხვერპლნი თავად გახდნენ, როცა მათი თევზმჭერი ნავი აიყვანეს.
ტრაილერი "ალაკრანი", ეკიპაჟის 36 წერთან ერთად, მეკობრეებმა სომალის სანაპიროსთან 2009 წლის 2 ოქტომბერს აიყვანეს. 3 ოქტომბერს სამხედრო მეზღვაურებმა ვილი და ჰამანი დააკავეს. ამით აღშფოთებულმა, ტრაილერზე დარჩენილმა სხვა მეკობრეებმა მათი გათავისუფლება მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ალაკრანის" ეკიპაჟის წევრების მოკვლით იმუქრებოდნენ. ამის მიუხედავად, ვილი და ჰამანი მადრიდში მაინც გადაიყვანეს.
ტრაილერი 2009 წლის 17 ნოემბერს გათავისუფლდა, რასაც გამტაცებლებისთვის გამოსასყიდი თანხის გადაცემა უძღოდა. თავდაპირველად მეკობრეებმა ათი მილიონი დოლარი მოითხოვეს, თუმცა მოლაპარაკების კვალდაკვალ, თანხის ოდენობა ორჯერ შეამცირეს. ცნობისთვის, ტრაილერის ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაზარალებულა.
საინტერესოა, რომ ესპანური კანონმდებლობის თანახმად, ორივე დამნაშავემ, შესაძლოა, დღის სინათლე 30 წლის შემდეგ იხილოს.