ყირგიზეთის პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. "საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას თავიდანვე არ ვაპირებდი, რადგან ამის უფლება არ მაქვს და ამ განზრახვას ოფიციალურად კიდევ ერთხელ ვადასტურებ",_აღნიშნა როზა ოტუმბაევამ.
მანვე შეახსენა საზოგადოებას, რომ ამ საკითხზე შეთანხმებას 2010 წლის 27 ივნისს რეფერენდუმის ფარგლებში მიაღწიეს.
"ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ხმა მისცეს, რომ მე პრეზიდენტის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას განმეორებით აღარ წამოვაყენებდი. ამდენად, ჩემი უფლებამოსილება 2011 წლის დეკემბერში ამოიწურება",_აღნიშნა ოტუნბაევამ.
ამასთან, ყირგიზეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომავალი პრეზიდენტის არჩევნები ნოემბრამდე გაიმართება. მისი თარიღი კი მიმდინარე წლის ივნის-ივლისში გამოცხადდება.
შეგახსენებთ, 2010 წლის გაზაფხულზე ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. 7 აპრილს მომიტინგეებმა მთავრობის სახლი დაიკავეს. ძალაუფლება კი ოტუნბაევას მეთაურობით, დროებითი კოალიციური მთავრობის ხელში გადავიდა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ყურმანბაკ ბაკიევმა, მისმა ნათესაობამ და ახლობლებმა კი ქვეყანა დატოვეს.