22-ე საუკუნეში დედამიწის მოსახლეობა ახლანდელი 6,8 მილიარდის ნაცვლად, 10, 1 მილიარდამდე გაიზრდება. ამის შესახებ The New York Times-ი გაეროს მოხსენებაზე დაყრდნობით იტყობინება.
ექსპერტების აზრით, პრობლემა, რომელმაც მე-20 საუკუნეში დემოგრაფიული აფეთქების მსოფლიო პოლიტიკა განსაზღვრა, 21-ე საუკუნეში კვლავ პრობლემად რჩება.
"ხომ არ არის ეს სამყაროს დასასრული? შესაძლებელია კი 10 მილიარდი ადამიანის გამოკვება? _დიახ, ეს შესაძლებელია. თუმცა ამის გაკეთება მცირე რაოდენობის ადამიანებს შორის ბევრად იოლი იქნებოდა",_აღნიშნა გაეროს ხალხთა დასახლების განყოფილების დემოგრაფმა ჯონ ბონგაარსმა.
ახალი პროგნოზი მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით გაკეთდა. ერთ-ერთი მათგანია შობადობა, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ქვეყნებში, მოლოდინის მიუხედავად, არ მცირდება.
აღსანიშნავია, რომ ამავე პროგნოზით ჩინეთი მალე იმ ქვეყნების სიას შეუერთდება, სადაც მოსახლეობა მცირდება. უახლოესი ათწლეულების მანძილზე მისმა მოსახლეობამ, შესაძლოა, 1,4 მილიარდს მიაღწიოს, 2100 წლისთვის კი 941 მილიონს გაუტოლდეს.