კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირები, რომლებსაც შეცდომით პენსია დაერიცხათ შესაძლოა მისი უკან დაბრუნება აღარ მოუწიოთ.
აღსანიშნავია, რომ 2 მაისს პარლამენტში შემოტანილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პენსიონერებისთვის შეცდომით დარიცხული ზედმეტი პენსიის ამინისტირებას ისახავს მიზნად მისი განხილვა დროებით შეჩერდა.
როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ განმარტა, კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აუცილებელია მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ პენსიონერებზე, ასევე კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირებზეც განხორცილდეს.
"მსგავსი ცვლილება უნდა შევიდეს "სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონშიც, რადგან იქაც ერთდროულად სახელმწიფო, საჯარო სამსახურში მყოფი პირს არ აქვს უფლება მიიღოს პენსია, ასაკით პენსია იქნება თუ სხვა. ამდენად უსამართლობა იქნება, რომ გავიტანთ მხოლოდ ერთი კანონი, რომელიც პენსიების მიმღებ ადამიანებს ეხებათ და მეორე ნაწილი, რომელიც იღებს კომპენსაციებს და აკადემიურ სტიპენდიებს მათ დავტოვებთ", - დასძინა თოიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე კი აუცილებელი ხდება თავიდან მოხდეს უკვე გაცემული თანხების დაანგარიშება, ასევე გაწერა როგორი ადმინისტრირების წესით მოხდება ამ თანხების ამინისტია.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული რომ აღნიშნულზე ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდეს.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისს ბიუროს სხდომაზე "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებების ინიცირება მოხდა.
კანონპროექტის თანახმად, 2011 წლის 1 მაისამდე (1 აპრილის ნაცვლად) ზედმეტად დარიცხული პენისა, იმ შემთხვევაში თუ ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით ექვემდებარება ლეგალიზაციას და მასზე არ გავრცელდება კანონის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით.
კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრი გიორგი გოდაბრელიძეა.