რუსეთის შს სამინისტროში რეფორმის ფარგლებში "წმენდა" გრძელდება. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის შს სამინისტროს კიდევ ხუთი გენერალი თანამდებობიდან გათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან: ალტაის მხარის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტის თავნჯდომარის მოადგილე, მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გენერალ მაიორი ვიქტორ ბარანოვი, კალინინგრადის ოლქის შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი გენერალ-მაიორი სერგეი კირიჩენკო, იუსტიციის გენერალ-მაიორი, შს სამინისტროს ჩრდილო-დასავლეთ ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსი სერგეი პანფილოვი, პერმის ოლქის ეკონომიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი იური სავჩენკო და შს სამინისტროს სამხრეთ ფედერალური ოლქის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის უფროსი გენერალ მაიორი ალექსანდრე საშინი.
შეგახსნებთ, რომ მიმდინარე 30 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის შს სამინისტროს სამი გენერალი, მათ შორის შს მინისტრის თანაშემწე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თანამდებობიდან გათავისუფლებულთა შორის არიან: შს სამინისტროს ხელმძღვანელის რაშიდ ნურგალიევის თანაშემწე გენერალ-მაიორი ალექსეი პოზდნიეკოვი, შს სამინისტროში არსებული საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მატვეევი და შს სამინისტროს საორგანიზაციო-საინსპექციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვლადისლავ ვოლინსკი.
ასევე, მიმდინარე წლის 1 აპრილს დიმიტრი მედვედევმა შს სამინისტროს 10 გენერალი თანამდებობიდან დაითხოვა. ყველა გათავისუფლებული რუსეთის სხვა და სხვა რეგიონის პოლიციის სამმართველოებში ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
20 აპრილს კი რუსეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან შვიდი გენერალი და ერთი პოლკოვნიკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პრეზიდენტმა თანამდებობიდან შს სამინისტროს ათობით თანამდებობის პირი დაითხოვა. კრემლის ინფორმაციით, წმენდა სტრუქტურაში შს რეფორმის ფარგლებში ხორციელდება.