"ტექნო ბუმი" კომპანიის ფრანჩაიზის გახსნაზე ტენდერს აცხადებს. მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კომპანიამ გაითვალისწინა რეგიონების მხრიდან "ტექნო ბუმის" კონცეფციისადმი დიდი დაინტერესება და მოსახლეობის მხრიდან ბუმის ცენტრების გახნაზე მოთხოვნა ,თუმცა არასაკმარისი ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, ფრანჩაიზინგის წესით განვითარების ახალი სტრატეგია შეიმუშავა.
კომპანიის ცნობით, ეს სისტემა აქამდე არსებული ფრანჩაიზის სისტემისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. მენეჯმენტმა ერთიანი ცენტრალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა, ცენტრალური მართვის, სტანდარტებისა და ფასის პოლიტიკის სისტემა შეიმუშავა, რაც "ტექნო ბუმის" ცნობით, განსაკუთრებით მიმზიდველია დაინტერესებული ბიზნესმენებისთვის. ამ სისტემის მეშვეობით მათ ბიზნესის მართვა მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ. გარდა ამისა დაზოგავენ თანხებს და შეძლებენ, კიდევ უფრო ეფექტურად აწარმოონ ტექნიკის ბიზნესი, სწრაფი ბრუნვისა და მოქნილი სისტემის გამოყენებით.
"ტექნო ბუმი" ამჟამად ტენდერს ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის აცხადებს, ვისაც კომპანიის ფრანჩაიზის გახსნის ინტერესი და შესაბამისი ფინანსური რესურსი აქვს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ "ტექნო ბუმის"აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სათაო ოფისში წინადადების განსახილველად მოგვმართონ. სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელია, "ტექნო ბუმის" ლიცენზიის მოპოვება"-აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.