ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე "ქრისტიან-დემოკრატებს" ბავშვთა სახლებში "აპოკალისფსური სურათის" დახატვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ თოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატი" მაგდა ანიკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელმაც ბავშვთა სახლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა.
თოიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ აპოკალიფსური სურათი დახატა. მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვამდე ამ საკითხის წამოწევა არაკორექტულია.
უმრავლესობის წევრმა ზრუნვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელობის "დადებით მხარეებზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი დამსახურებაა აღნიშნულ დაწესებულებში ვითარების გაუმჯობესება.
თოიძე განმარტავს, რომ სექტემბრიდან 30-მდე მცირე ტიპის ბავშვთა სახლის შემოღებას გეგმავენ და სულ 70-მდე ბავშვთა სახლი იქნება.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ბავშვთა ზრუნვის ნაწილში ხაზგასმით არის აღნიშნული ბავშვთა სახლებში ძალადობის ფაქტების შესახებ.