მაიკლ ჯექსონის პირადი მკურნალი ექიმის სასამართლო პროცესი 2011 წლის სექტემბრისთვის გადაიდო. ამის შესახებ "ფრანს-პრესი" იტყობინება.
საქმის განხილვის გადადების მიზეზი ის არის, რომ კონრად მიურეის დაცვის მხარემ ახალ მტკიცებულებათა შესასწავლად დამატებითი დრო მოითხოვა. პროცესი 8 მაისს უნდა დაწყებულიყო.
58 წლის მიურეი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. პროკურორი კი ამტკიცებს, რომ ჯექსონი სწორედ ექიმმა მოკლა, რადგან მას ძლიერმოქმედი წამლების დიდი დოზა გამოუწერა.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ექიმის ქმედებებსა და პოპულარული პოპშემსრულებლის დაღუპვას შორის მტკიცებულებების მოტანა არ გაუჭირდება.
თუკი მიურეს დამნაშავედ აღიარებენ, მას ოთხ წლამდე პატიმრობა და ექიმის პროფესიაზე უარის თქმა ელის. აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის შტატში მიურეის საკუთარი პროფესიით მუშაობა მას უკვე აუკრძალეს, თუმცა ტეხასსა და ნევადას შტატებში პაციენტების მკურნალობას განაგრძობს.
შეგახსენებთ, მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს ლოს-ანჯელესში 50 წლის ასაკში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაღუპვა იმ პრეპარატებმა განაპირობა, რომელიც მის ორგანიზმში მიურემ შეიყვანა. ამის საპასუხოდ, ექიმი ამტკიცებს, რომ წამლების დოზა პაციენტის დაღუპვას ვერ გამოიწვევდა.