პრემიერ-მინისტრმა კახეთის რეგიონში მიმდინარე პროექტების განხორციელებისა და სტიქიისგან მიყენებული შედეგების შესახებ ინფორმაცია ჩაიბარა.
რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურლი პროექტების შესახებ თელავში გამართულ მთავრობის გასვლით სხდომაზე ნიკა გილაურს ინფორმაცია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლეიშვილმა მიაწოდა, სტიქიის შედეგებზე კი კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა ისაუბრა.
"კახეთში ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება. კახეთის რეგიონის განვითარებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან, რაც ჯამში 57 მილიონ ლარს შეადგეს, 41 მილიონი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის, დანარჩენი 16 მილიონი ლარი კი სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაზე", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
რამაზ ნიკოლეიშვილის თქმით კი, წარმატებით ხორციელდება პროექტი "თელავის ძველი უბნის ახალი სიცოცხლე", სექტემბრის შუა რიცხვებიდან კი ექსპლუატაციაში გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა შევა.
"ძველი თელავის ახალი სიცოცხლის" მიმდინარეობას გუბარნატორთან ერთად გავეცანი. გზა იგება 35 ათას კვადრატულ მეტრზე და ეს არის უბანი, რომელიც ყოველი წვიმის დროს წყალს მიჰქონდა. ჩვენ თავიდან ბოლომდე მოვაგვარეთ ეს პრობლემა. რაც შეეხება გურჯაანი-ლაგოდეხის გზის მშენებლობას, რომელიც შარშან დავიწყეთ, ჩვენი ვარაუდით, სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. ეს გზა საინტერესო დატვირთვისაა, რადგან ის გურჯაანელებს მოწეული პროდუქციის სხვა რაიონებში გადატანას გაუადვილებს", - განაცხადა რამაზ ნიკოლეიშვილმა.
რაც შეეხება რეგიონის გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილს, მისი თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული დაზიანებები, ფაქტობრივად, მოგვარებულია.