აფეთქება მოხდა ქალაქ გურჯაანში. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ექიმი - სტომატოლოგის ჯულიეტა ყოჩაშვილის საცხოვრებელ სახლში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა. საცხოვრებელი სახლის ნახევარზე მეტი დანგრეულია. ჯულიეტა ყოჩაშვილი მძიმე ხარისხის დამწვრობით რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საავადმყოფოს დირექტორმა გელა ორველაშვილმა განუცხადა, პაციენტს დამწვარი აქვს ზემო კიდურების, გულ - მკერდის და სახის მიდამოები. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ცოტა ხანში მას თბილისში, დამწვრობის რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანენ", - აღნიშნა ორველაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს გურჯაანის სამმართველო აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, ჯულიეტა ყოჩაშვილმა გუშინ სახლში ავეჯი გადაანაცვლა, რა დროსაც ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა. გაზმა მთელი ღამის განმავლობაში იდინა, დილით კი მაცივრის ჩამრთველიდან ცეცხლი გაჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ და ფოტო და ვიდეომასალას უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.