GPRS სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატების დანერგვა ზაფხულის ბოლომდე განხორციელდება, ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განაცხადა.
"ამ დროისათვის მიმდინარეობს სისტემის დახვეწა და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის შემუშავება. GPRS სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატების დანერგვა ამ ზაფხულიდან დაიწყება", - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
აღსანიშნავია, რომ GPRS სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატების დანერგვა მარტიდან უნდა დაწყებულიყო.
შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურსა და Daisy Technology-ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს GPRS სისტემის 100 000 ცალი სალარო აპარატის მოწოდებას, რომლის ღირებულებაც შეადგენს 13 300 000 აშშ დოლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე. 6 თვის განმავლობაში კომპანია განახორციელებს აპარატების ეტაპობრივ მოწოდებას.
სალარო აპარატს გააჩნია 3 წლიანი გარანტია, რომელიც უფასოდ გადაეცემა არა მხოლოდ მცირე მეწარმეებს, არამედ ყველა გადასახადის გადამხდელს რომელთა წლიური ბრუნვა 250 000 ლარს არ აღემატება.
2010 წელს გამოცხადდა ტენდერი სამ ლოტად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, როგორც ქართულმა ისე მსოფლიო ბაზარზე მოქმედმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა: LLC Quiron, Sia Computer Hardware Design, UGT, შპს სოფთმასტერ-ლაბ და სხვა. ტენდერში გაიმარჯვა ბულგარულმა კომპანია Daisy Technology, რომელსაც მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიო ბაზარზე.
GPRS სისტემა უზრუნველყოფს მოთხოვნით ან წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით თითოეული ჩეკის ან ჯამური ინფორმაციის ცენტრალურ სერვერზე მიწოდებას; რაც იძლევა საშუალებას გაცილებით სწრაფად და უფრო ზუსტად განხორციელდეს კონტროლი, ასევე რისკების კრიტერიუმები განისაზღვროს არა მხოლოდ წარმოდგენილი დეკლარაციების და გადახდების მიხედვით, არამედ მიღებული ინფორმაციის ანალიზის გზით. აღნიშნული სისტემით შემოწმების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, რაც ახალი კურსის ფარგლებში - ადმინისტრირების წნეხის შემცირება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.