"ქრისტიან-დემოკრატები" სახალხო დამცველის ანგარიშში ბავშვთა სახლებში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე დროულ რეაგირებას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნა "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა მადა ანიკაშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააჟღერა.
მისი შეფასებით, სახალხო დამცველის ანგარიშის "ზრუნვის ნაწილში" იმდენად მნიშვნელოვან და სერიოზულ პრობლემებზეა საუბარი, რომ მათი გადაჭრა დროში ვერ ითმენს და აუცილებელია მოხდეს მისი ადეკვატური შეფასება.
"მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებში ჩატარებული მონიტორინგი არანაკლებ მწვავე და შოკის მომგვრელია, როგორც პატიმრებთან დაკავშირებული საკითხები. ბავშვთა სახლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები მოულოდნელიც კი აღმოჩნდა როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხელისუფლებისთვის", - განაცხადა ანიკაშვილმა.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ანგარიშის განხილვას შედეგად შესაძლოა ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაც საკითხიც გამოიკვეთოს.
ამასთან, ანიკაშვილი ეჭვქვეშ აყენებს ახალი უწყებში მიზანშეწონილობის საკითხს, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ ძველი მოდელი უკეთ და უფრო ეფექტურად მუშაობდა.