"ქრისტიან-დემოკრატები" კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ. როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ჯაბა სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბერში მათ თბილისის მერს გიგი უგულავას ერთობლივი კომისიის შექმნის წინადადებით მიმართეს. კომისია მონიტორინგს გაუწევდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის საკითხს. თუმცა მერიამ არჩევნებამდე მიცემული დაპირების მიუხედავად, აღნიშნული კომისიის შექმნაზე უარი განაცხადა.
"ადგილობრივი არჩევნების წინ მერიამ თავის თავზე აიღო ამ კატეგორიის მოქალაქეებისადმი დავალიანების სანაცვლოდ მიწების დარიგების საკითხი, რაც 2010 წლის ივნისში შეწყდა",_აღნიშნა სამუშიამ.
მისი თქმით, მართალია მერიამ უარი თქვა აღნიშნული კომისიის შექნაზე, მაგრამ "ქრისტიან-დემოკრატები" მსგავს კომისიას ფრაქციის შიგნით შექმნიან.
სამუშიას დაპირებით, ამიერიდან ფრაქციის ფორმატით მოხდება მერიის ყველა მაღალჩინოსნის მიწვევა საკრებულოში, რომლებიც პასუხს აგებენ ამ პრობლემის მოგვარებაზე. ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით, ფრაქციის გაფართოებული სხდომებიც ჩატარდება.
სამუშიას ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემის გამო რამდენიმე ათასი ოჯახი დაზარალდა.