რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტული კომიტეტი იუწყება, რომ ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ლიდერი, რუს სამართალდამცავთა მიერ რამდენიმე ხნის წინ გარდაცვლილად გამოცხადებული დოკუ უმაროვი ახალ ტერაქტს ამზადებს.
ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცანტრის ინფორმაციით, ამჟამად ძებნაა გამოცხადებული კრასკნოდარის მხარის ქალაქ არმავირის 19 წლის მაცხოვრებელზე იბრაჰიმ ტორშხოევზე, რომელიც, კომიტეტის ინფორმაციით, ჩრდილოკავკასიელ ბოევიკთა წევრია და რომელიც შესაძლოა დოკუ უმაროვმა ახალი ტერაქტის ჩასადენად გამოიყენოს.
ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, იბრაჰიმ ტორშხოევი ამჟამად ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება. სამართალდამცავებმა ეჭვნიტანილის ფოტორობოტი უკვე გაავრცელეს.
რუსი სამართალდამცავები ასევე აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით შესაძლოა იბრაჰიმ ტორშხოევი ამჟამად მოსკოვში გასამგზავრებლად და იქ ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ემზადებოდეს.
ასევე მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირის მაცხოვრებელმა იბრაჰიმ ტორშხოევმა ისლამის რადიკალური განშტოების აღმსარებლობა ოთხი თვის წინ დაიწყო. ახალგაზრდა მამაკაცი ექსტრემისტ-რადიკალებთან მოხვდა და მომზადება თვითმკვლელის რანგში გაიარა. ორი თვის წინ იბრაჰიმ ტორშხოევი სახლიდან წავიდა და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია.