დღეს, 3 მაისს, 13:30 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობასთან გაიმართება "ფლეშ მობი" საქართველოში პრესის და გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ფლეშ მობის მიზანია ალტერნატიული და ორიგინალური ფორმებით გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოში პრესის თავისუფლებისადმი და ხელი შეუწყოს ბეჭდვითი მედიასაშუალებების პოპულარიზაციას საზოგადოებაში.
ღონისძიებაში ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
ადამიანის უფლებთა სახლი აღნიშნული აქციით საზოგადოებას და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა სახლი ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს: კონსტიტუციის 42-ე მუხლი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური ცენტრი (GCRT), საფარი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ადამიანის უფლებათა და კონფლიქტების გაშუქების ცენტრი კავკასია.