შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე დაჭრეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სანოძეს ჭრილობა თავის არეში, საფეთქელთან აქვს მიყენებული და ამ დროისთვის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანოძე კლინიკაში დღეს გამთენიისას მიიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
მომხდარს ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა ღუდუშაურის კლინიკაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. კლინიკაში იმყოფებიან თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე და სხვა მაღალჩინოსნები.
შეგახსენებთ, რომ ვასილ სანოძის სახელი და გვარი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა. დაღუპულის ოჯახის წევრთა მტკიცებით, სანოძე ერთ-ერთი იყო, ვისთანაც სანდრო გირგვლიანს შელაპარაკება მოუვიდა.