თბილისის მერიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ისორგანიზებით, 3-5 მაისს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მეხუთე საერთაშორისო ფორუმი გაიმართება.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი ექსპერტები, ადგილობრივი ხელისუფლების, ქალაქებისა და რეგიონების სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმი გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკის, ქალაქების ალიანსის, ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ტარდება.
ფორუმს თბილისის მერი გიგი უგულავა გახსნის და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ორი დღის განმავლობაში ფორუმის ფარგლებში, ქალაქების განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ოცი პარალელური სესია გაიმართება, რომლებზეც ქალაქის მარკეტინგისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაზე, მუნიციპალური მომსახურების მიწოდებასა და ქალაქის რეგენერაციაზე, თანამშრომლობაზე, ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების რეგიონულ მართვაზე, მდგრად ქალაქებსა და კლიმატურ ცვლილებებზე ისაუბრებენ.
ფორუმის ფარგლებში თბილისში სტუმრად იმყოფება აშშ-ის ხმის ჩაწერის, ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ნილ პორტნოუ, რომელიც თბილისის მერს პირადად შეხვდება.
ფორუმს ასევე ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნის თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მეხუთე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ჩატარდება ქართული, პოლონური და სამხრეთ კავკასიის ქალაქების ფორუმები, ასევე გაგრძელდება მუშაობა თბილისის განვითარების სტრატეგიაზე.
ფორუმის ბოლო დღეს მონაწილეები სამუშაო ვიზიტებით გორის, მცხეთისა და თელავის მუნიციპალიტეტებში გაემგზავრებიან, ხოლო თბილისში დარჩენილი სხვადასხვა ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებისათვის თბილისისა და საქართველოს მნიშვნელოვანი სიანვესტიციო პროექტების პრეზენტაციები გაიმართება.