თავისუფალ ტურისტულ ზონაში ინვესტორებისთვის გადასაცემი მიწის ნაკვეთის ფართობის ზედა ზღვარი უქმდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონში.
დღეს არსებული ნორმის თანახმად, თავისუფალ ტურისტულ ზონაში ინვესტორს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა ფართობი, რომლის მოცულობაც არა უმეტეს 0,2 ჰექტარი უნდა იყოს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში კი აღნიშნულია, რომ ფართობის დაკონკრეტება მისაღებია ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის მიწის ნაკვეთების შემთხვევაში, სადაც ერთ, საერთო ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს საშუალოდ 30 სასტუმროს შენობა, თუმცა სხვა ტერიტორიული ერთეულის, მაგალითად ანაკლიის შემთხვევაში, ტერიტორიის თავისებურებიდან გამომდინარე, ერთი სასტუმროს აშენებამ შესაძლოა მოითხოვოს 0,2 ჰა-ზე დიდი ტერიტორია.