ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბინ ლადენის სიკვდილი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა დემოკრატიის დამყარებას შეუწყობს ხელს.
"მივმართავ ტერორისტებს: თქვენ ვერ დაგვამარცხებთ. მაგრამ თქვენ გაქვთ არჩევნის გაკეთების უფლება, რაც თალიბანის დატოვებასა და მშვიდობიან პროცესებში მონაწილეობას გულისხმობს. ბინ ლადენის სიკვდილი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და დემოკრატიის დამყარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა კლინტონმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი მოკლულია. ამის შესახებ ერისადმი მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია ბინ ლადენის ადგილსამყოფელის თაობაზე შესაბამის სამსახურებს 2010 წლის აგვისტოდან ჰქონდათ. მიმდინარე წლის მარტში ინფორმაცია დადასტურდა, ხოლო აპრილის ბოლოს გაიცა ბრძანება მისი დაკავების შესახებ. ოპერაცია ტერორისტის წინაღმდეგ ამერიკის საზღვაო ძალების ქვედანაყოფმა ჩაატარა, რომლის დროსაც ბინ ლადენი ისლამაბადის გარეუბანში, ერთ-ერთ ვილაში იქნა მოკლული.