ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (ევრობანკი), ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს 2011 წლის 25 აპრილს ევრობანკის მიერ ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების პროგრამის დასანერგად.
პროგრამის ფარგლებში ევრობანკს შეუძლია ადგილობრივ ვალუტაში გასცეს სესხები კრიტერიუმების შესაბამის ბანკებზე, მიკროსაფინანსო ინსტიტუტებსა და კერძო სექტორში მომუშავე ადგილობრივ საწარმოებზე. საპროცენტო განაკვეთი იქონიებს საქართველოში ადგილობრივ ვალუტაში გამოსახული ბაზრის კატალიზატორის ფუნქციას.
ურთიერთგაგების მემორანდუმი განსაზღვრავს ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების სტრუქტურას საქართველოში ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტებისა და ადგილობრივი კაპიტალური ბაზრების განვითარების მიზნით ევრობანკის მთავარი ინიციატივის კონტექსტში.
ევრობანკის დირექტორთა საბჭომ 2011 წლის თებერვალში დაამტკიცა პროგრამა უცხოური ვალუტის რისკისა და საგარეო დაფინანსების შემცირების ხელშეწყობის მიზნით. ეს ტენდენცია ევრობანკის რეგიონში ძირითად სისუსტეს წარმოადგენდა ბოლოდროინდელი გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის დროს.
ინიციატივის მიზანია ადგილობრივი ვალუტის გამოყენების სტიმულირება ოპერაციების განსახორციელებისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე დიალოგის საშუალებით გრძელვადიანი, მდგრადი და ლიკვიდური ადგილობრივი ვალუტისა და ადგილობრივი კაპიტალური ბაზრების უზრუნველსაყოფად.
"საქართველოს ხელისუფლებას სურს დაადასტუროს რეგორმების განხორციელების ინიციატივა და ქვეყნის შესაძლებლობის გაძლიერება ადგილობრივ ვალუტაში - ლარში - დანაზოგებისა და ინვესტიციების განხორციელების მიზნით. ლარიზაცია არის კრედიტის მსურველთა მიერ სასურველ ვალუტაში სესხის აღებისა და ანაბარზე თანხების განთავსების შესაძლებლობა. დოლარიზაცია ბევრ პრობლემას განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკაში. საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს გრძელვადიანი პერიოდის და დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხები ლარში", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
"გვსიამოვნებს, რომ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს დოლარიზაციის შესამცირებლად და ადგილობრივი ვალუტის გამოყენების სტიმულირებისთვის - ევრობანკის ინიციატივის თანახმად. მხარს დავუჭერთ ხელისუფლებას არა მხოლოდ ადგილობრივ ვალუტაში სესხების უზრუნველყოფით, არამედ მზად ვართ ასევე ტექნიკური დახმარება გამოვყოთ და ეკონომიკური პოლიტიკის დარგში რეკომენდაციები მივაწოდოთ მას - განსაკუთრებით იურიდიულ და მარეგულირებელ საკითხებზე, ვალზე და კაპიტალური ბაზრების ინფრასტრუქტურაზე", - განაცხადა ევრობანკის მმართველმა დირექტორმა თურქეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ოლივიე დეკამპმა.
საქართველოში ეს პროგრამა მოიაზრება ევრობანკის ეკონომიკური გარდაქმნის ადრეულ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის ადგილობრივ ვალუტაში რისკის გაზიარების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. ამ ინიციატივას მხარს უჭერენ ევრობანკი და საერთაშორისო დონორი ქვეყნები სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი ფონდის საშუალებით. სწორედ ადრეულ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის ადგილობრივ ვალუტაში რისკის გაზიარების მიზნობრივი პროგრამის ფონდიდან მოხდება თანხის გამოყოფა სესხების გასაცემად. ევრობანკის აქციონერთა სპეციალური ფონდი, აშშ ხაზინა და ეკონომიკური გარდაქმნის ადრეულ ეტაპზე მყოფი ქვეყნების მრავალ-დონორული ფონდი უკვე მზად არიან და ვალდებულება აქვთ ნაკისრი ამ პროგრამისთვის რესურსების გამოყოფაზე. სხვა ორმხრივ დონორებთან მოლაპარაკებები გრძელდება ამ პროგრამასთან მიერთების თაობაზე.
საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან ევრობანკს დაახლოებით 1 მილიარდი ევრო აქვს დაბანდებული 120-ზე მეტ პროექტში. ამჟამად მათი 70 პროცენტი წარმოადგენს ინვესტიციებს კერძო სექტორში.