კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია თაფლობის თვეს სეიშელის კუნძულებზე მდებარე რეზიდენციაში გაატარებენ, რომლის ღირებულებაც დღე-ღამეში 4500 ევრო იქნება. ამ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკული ტელემაუწყებლობა ავრცელებს.
წყვილს, რომელმაც ჯვრისწერის შემდეგ კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტული მიიღო, ინდოეთის ოკეანის არქიპელაგის 92 კუნძულიდან ერთ-ერთზე მდიდრულ რეზიდენციას გამოუყოფენ.
მთლიანობაში, ისინი ვილაზე დაახლოებით 10 დღეს გაატარებენ. აგენტები, რომლებიც პრინცის უსაფრთხოებაზე პასუხს აგებენ, სიტუაციაში გარკვევის მიზნით უკვე ეწვივნენ რეზიდენციას, რომლის სახელიც ჯერჯერობით არ ხმაურდება. ისინი უნდა დარწმუნდნენ, ხომ არ დაარღვევს ვინმე წყვილის მყუდროებას.
ვილა ხისგანაა აგებული და მოიცავს ღია აბაზანას, კერძო აუზსა და ბაღს მომსახურე პერსონალთან ერთად.
უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ახალჯვარდაწერილები თაფლობის თვის გადადებას აპირებდნენ და მხოლოდ რამდენიმე დღიან დასვენებას გეგმავდნენ. სამშაბათიდან კი პრინცი სამხედრო-საჰაერო ძალების სამსახურში დაბრუნებას აპირებდა, სადაც იგი მაშველი შვეულმფრენის მფრინავად მუშაობდა.
რაც შეეხება გამოსასვლელ დღეებს, ამის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, წყვილმა შაბათი და კვირა უინძორთა საზაფხულო რეზიდენციაში გაატარა. სხვა ვერსიით, შოტლანდიაში ბალმორალის კოშკს ეწვივნენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალშეუღლებლები ნორფოლკის საგრაფოში იმყოფებოდნენ.