დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრები ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია დიღომში 92 წლის თამარ ასათიანს ესტუმრნენ და საკვები პროდუქტები, სამზარეულოს გაზის ქურა და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, ასეთი ადამიანების სიმრავლე მიანიშნებს იმას, რომ სახელმწიფო და შესაბამისი ინსტიტუციები ვერ ართმევენ თავს ვალდებულებების განხორციელებას.
"სწორედ ამ მიზეზით დარჩა ქალბატონი თამარი მთელი ზამთრის განმავლობაში გათბობის გარეშე და ამოღებულ იქნა სოციალურად დაუცველთა ბაზიდან", - განაცხადა მან.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, "ასათიანს თამარს "ყაზტრანსგაზმა" დააკისრა სოლიდური ჯარიმა, რის გამოც იგი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მოვუწოდებთ გაზის კომპანიას, დაკავდეს აღნიშნული თემით, რომ ქალბატონი განთავისუფლდეს ფულადი ჯარიმისაგან".
92 წლის მარტოხელა ქალი "ყაზტრანსგაზის" მიერ 1666 ლარით იქნა დაჯარიმებული.