სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან და ქართველ კოლეგებს ინფორმაციას მიაწვდიან და გამოცდილებას გაუზიარებენ.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია შეხვედრები ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მონაწილეობა თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ "თბილისის ეკონონომიკურ ფორუმში," ვიზიტი მარნეულის სასურსათო და წნისის ყველის მწარმოებელ ქარხანაში, ასევე "ქეას" მხარდაჭერით დაარსებულ სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო სერვის ცენტრში ასპინძაში, ახალქალაქში მდებარე პროექტის სამიზნე ასოციაციის ბიოფერმაში და ა.შ.
რუსთავის მერი ზაქარია დარჩიაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი ვიზიტის მონაწილეებს შეხვდებიან და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე, ასევე საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობაზე იმსჯელებენ. 3 მაისს თბილისში გაიმართება შეხვედრა დონორი ორგანიზაციების, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა მხარეების მონაწილეობით, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსსასაზღვრი თანამშრომლობას მიეძღვნება.
სასწავლო ვიზიტი ორგანიზებულია პროექტის "საქართველოს და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში სიღარიბის დაძლევა და ნდობის აღდგენა სოფლად მდგრადი განვითარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზით" (STAGE II) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ქეა ავსტრიისა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში-ს მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში.
სასწავლო ტური პროექტის ფარგლებში ორგანიზებული რიგით მეორე ღონისძიებაა და საქართველოსა და სომხეთს შორის მოსაზღვრე რეგიონებში მოქმედი სამიზნე ორგანიზაციების მონაწილეობით დაიგეგმა. პირველი სასწავლო ტური სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში 2010 წლის მარტში განხორციელდა.
სომხეთისა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტი 2 მაისს დაიწყო და 4 მაისს დასრულდება.