თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე დღეს ორთაჭალის ქუჩაზე მხცოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თბილისის მერიას უმძიმესი საცხოვრებელი პირობების მქონე ადამიანების პრობლემების შესწავლისა და მათი დახმარებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დედაქალაში ნინო გოდოლაძის მსგავსად ხელისუფლების მხრიდან მრავალი ოჯახი საჭიროებს დახმარებას.
"ქალბატონი ნინო შვილმკვდარი დედაა და იგი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო გიგი უგულავას და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეისმინონ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და გუდაურის ნაცვლად, ჯერ ამ კატეგორიის ხალხს მიხედონ",- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
როგორც ოჯახის უფროსმა ნინო გოდოლაძემ აღნიშნა, საცხოვრებელი სახლი, სადაც იგი 3 შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს, ამორტიზებულია და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს.
საკრებულოს წევრის განცხადებას ისანი-სამგორის გამგებელი თემურ გრიგალაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება ეტაპობრივად ეხმარება ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში ქალბატონი ნინოს ოჯახს სხვადასხვა ტიპის დახმარება გავუწიეთ. იყო ეს სახურავი, გაზიფიკაცია თუ სხვა სოციალური საკითხები. ჩვენი პრიორიტეტი სწორედ ასეთი კატეგორიის ოჯახების დახმარებაა და ბუნებრივია, ამ ღონისძიებებს მომავალშიც ეტაპობრივად განვახორციელებთ",- განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.