თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი" წევრები დღეს დიღომში მცხოვრები თამარ ასათიანის ოჯახს ესტუმრნენ. ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია აცხადებენ, რომ 92 წლის მარტოხელა ქალბატონს, მრიცხველზე ასახული მონაცემის გაყალბების მოტივით, „ყაზტრანსგაზმა" ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა და 1600 ლარის გადახდა დააკისრა.
„მარტოხელა პენსიონერთან „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები ისე შეჭრნენ თითქოს სპეც-ოპერაციას ატარებდნენ და ავადმყოფი ადამიანი ლამის სიკვდილამდე მიიყვანეს. მრიცხველი მრავალი მიზეზის გამო შეიძლება დაზიანდეს და ქალბატონიც ამტკიცებს, რომ წარმოდგენა არა აქვს რას ედავებიან. ამხელა ჯარიმის დაკისრება ნიშნავს იმას, რომ იგი განწირულია სიცივისა და შიმშილისთვის, რაც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს ხელისუფლების დამოკიდებულებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ" - აცხადებს ჯაბა სამუშია.
დღესვე „ქრისტიან-დემოკრატებმა" თამარ ასათიანს თხევადი გაზის ბალონი და პროდუქტები მიუტანეს.