ექსპერტი სოსო ცინცაძე ანტიტერორისტული კოალიციის მიერ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაციას აშშ-ის სპეცსამსახურების "ვარსკვლავის საათად" აფასებს და აცხადებს, რომ ის უმაღლეს დონეზე იქნა ჩატარებული.
"სპეცოპერაცია წარმოადგენს აშშ-ის სპეცსამსახურების ვარკვლავის საათს. ის მაღალ დონეზე ჩატარდა და არა იმიტომ, რომ ბინ ლადენი იქნა ლიკვიდირებული, არამედ იმიტომაც, რომ მას კოალიციის მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია", - განუცხადა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, აღნიშნული სპეცოპერაცია "ძალზე შეუწყობს ხელს ობამას თავის წინასაარჩევნო კამპანიაში", რასაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოიყენებს კიდეც.
"ბუში ბინ ლადენს 8 წელი ეძებდა და ვერ იპოვა, ობამამ კი მიაგნო. ეს მის რეიტინგს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - განმარტა ექსპერტმა.
რაც შეეხება აღნიშნულის გამო მუსულმანური სამყაროს მხრიდან მსოფლიოში მოვლენების შესაძლო განვითარებას, ცინცაძის აზრით, "შურისძიების მცდელობები" მოსალოდნელია, თუმცა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში.
"ამერიკის შეერთებული შტატების ყველა საელჩო დღეიდან უსაფრთხოების გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. მოკლევადიან პერსპექტივაში, შურისძიების მცდელობები იქნება, თუმცა ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში, ეს არ არის მოსალოდნელი", - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
გარდა ამისა, "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა ისიც დასძინა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაციას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ რელიგიური, იდეოლოგიური და სხვა სახის დატვირთვაც ჰქონდა და ეს ოპერაცია ისლამისტურ ქვეყნებში ბევრ რამეს შეცვლის.
"საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ბოლო პერიოდში ორი ძლიერი დარტყმა მიიღეს. პირველი ბინ ლადენის ლიკვიდაცია, მეორე კი ის მდგომარეობაა, რაშიც ახლა კადაფი იმყოფება. შეიძლება ითქვას, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ორი გულუხვი სპონსორი დაკარდეს. მომხდარის გამო ისლამისტურ ქვეყნებში, მათ შორის ახლოაღმოსავლეთში ბევრი რამ შეიცვლება. ისლამისტურნ პარტიებს, მათ შორის "მუსლიმანთა საძმოს" არჩევნებში წარმატება გაუძნელდება, რადგან ისეთი დაფინანსება, როგორსაც აქამდე იღებდნენ, აღარ ექნებათ", - მიიჩნევს ექსპერტი.
ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ ბინ ლადენის მიერ შექმნილ ტერორისტულ ქსელთან ბრძოლა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის მკვლელობით არ დასრულდება და შეერთებული შტატები შესაბამისი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად ახალ სპეცოპერაციებს დაიწყებს.
"მოსალოდნელია დაიწყოს ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციები ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, რადგან ბინ ლადენის ლიკვიდაციისას, შემთხვევის ადგილიდან ძალზეც ღირებული კომპიუტერული ჩანაწერები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია იქნა ამოღებული", - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი მოკლულია. ამის შესახებ ერისადმი მიმართვასი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია ბინ ლადენის ადგილსამყოფელის თაობაზე შესაბამის სამსახურებს 2010 წლის აგვისტოდან ქონდათ. მიმდინარე წლის მარტში ინფორმაცია დადასტურდა, ხოლო აპრილის ბოლოს გაიცა ბრძანება, მისი დაკავების შესახებ.
ოპერაცია ნომერ პირველი ტერორისტის წინაღმდეგ ამერიკის საზღვაო ძალების ქვედანაყოფმა ჩაატარა, რომლის დროსაც ბინ ლადენი ისლამაბადის გარეუბანში, ერთ-ერთ ვილაში იქნა მოკლული.
"ოსამა ბინ ლადენი გაიქცა პაკისტანში, თუმცა ალ-ქაიდა მაინც რჩებოდა ავღანეთში. ჩვენი მთავარი მიზანი ასეთი შედეგით დასრულდა. 10 წლის წინ დაუღალავი ბრძოლის შედეგად ჩვენი სამხედროების ქმედებამ ასეთი შედეგი გამოიღო", - აღნიშნა ობამამ.