ოფიციალური თბილისი ანტიტერორისტული კოალიციის მიერ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაციას "დიდ წარმატებად" აფასებს.
"ჩვენ ვუერთდებით კოალიციის მიერ მიღწეულ ამ დიდ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაზაზე შემდგომი წარმატებების საფუძველი გახდება", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება ბინ ლადენის ლიკვიდაციის გამო მუსულმანური სამყაროს მხრიდან მსოფლიოში მოვლენების შესაძლო განვითარებას, კალანდაძეს აღნიშნულის პროგნოზირება უჭირს, თავად საქართველოს შემთხვევაში კი აცხადებს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით რაიმე სახის საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება.
"საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით რაიმე სახის საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრება, თუმცა თუ მსოფლიოს მხრიდან შესაბამისი ზომების მიღების თაობაზე რაიმე მოწოდება გაკეთდება, ჩვენ მას დავემორჩილებით", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
მისივე განმარტებით, საქართველოში ყველა ერთმნიშვნელოვნად თანხმდება იმაზე, რომ ტერორიზმის ბრძოლა აუცილებელია, რის გამოც ქვეყანა მის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი მოკლულია. ამის შესახებ ერისადმი მიმართვასი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია ბინ ლადენის ადგილსამყოფელის თაობაზე შესაბამის სამსახურებს 2010 წლის აგვისტოდან ქონდათ. მიმდინარე წლის მარტში ინფორმაცია დადასტურდა, ხოლო აპრილის ბოლოს გაიცა ბრძანება, მისი დაკავების შესახებ.
ოპერაცია ნომერ პირველი ტერორისტის წინაღმდეგ ამერიკის საზღვაო ძალების ქვედანაყოფმა ჩაატარა, რომლის დროსაც ბინ ლადენი ისლამაბადის გარეუბანში, ერთ-ერთ ვილაში იქნა მოკლული.
"ოსამა ბინ ლადენი გაიქცა პაკისტანში, თუმცა ალ-ქაიდა მაინც რჩებოდა ავღანეთში. ჩვენი მთავარი მიზანი ასეთი შედეგით დასრულდა. 10 წლის წინ დაუღალავი ბრძოლის შედეგად ჩვენი სამხედროების ქმედებამ ასეთი შედეგი გამოიღო",_აღნიშნა ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები