ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. სოციალური სააგენტოს უზრუნველყოფის ხელმძღვანელი მორის წამალაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი დათხოვნის მიზეზი უცნობია.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს მისი შემცვლელი უკვე წარუდგინა. დღეიდან წამალაშვილის თანამდებობას ირაკლი ნადარეიშვილი დაიკავებს. ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ სააგენტოს ძველ კურსს გააგრძელებს და, ამასთან, ბევრ სიახლეს დანერგავს.
ნადარეიშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არის პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ასევე, დასრულებული აქვს ოქსფორდ-ბრიუკის უნივერსიტეტი. მას სოციალური კუთხით გამოცდილებაც აქვს მიღებული. თავის დროზე მუშაობდა საერთაშორისო კორპორაცია ამ-ემ-სის სოციალური პროგრამების მართვის მენეჯერად.
გავრცელებული ინფორმაციით, წამალაშვილი, შესაძლოა, შეეწირა სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოში რამდენიმე ხნის წინ მომხდარ სკანდალს. კერძოდ, კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე გაირკვა, რომ უმწეოთათვის გამოყოფილი დახმარებიდან სადაზღვევო კომპანიებმა დიდი თანხა მიიღეს. იმ დროს სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს რამდენიმე პირი სამართალდამცავებმა აიყვანეს.
შეგახსენებთ, მორის წამალაშვილი რამდენიმე თვის მანძილზე ხელმძღვანელობდა სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს. იგი ისევ გააგრძელებს მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში. ამიერიდან წამალაშვილი საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებაში იმუშავებს.