სამეფო ქორწილზე დასწრება ყველა ადამიანს არ შეეძლება. პოლიციამ შავი სია უკვე შეადგინა, რომლის მიხედვითაც, 60 ადამიანს ბრიტანეთის დედაქალაქში არ შეუშვებენ. ეს ადამიანები ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის ქუჩებში მოწყობილ არეულობაში მონაწილეობდნენ და პრინც ჩარლზის კორტეჟსაც თავს დაესხნენ.
სამეფო ქორწილის წინ პრევენციული მიზნით ექვსი ახალგაზრდა დააკავეს, რომელთა მღელვარე ხასიათიც სამეფო ოჯახის დაცვის წევრებისთვის ცნობილია.
მთლიანობაში, ლონდონში ხუთი ათასი პოლიციელი დაიცავს წესრიგს. მომზადების ხარისხით, პრინცი უილიამის ქორწილი რომის პაპის ვიზიტს შეედრება. ლონდონის პოლიციას გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობა მოუწევს, რადგან მხოლოდ ჰაიდ-პარკში ჯვრისწერის დღეს 200 ათასი მაყურებელი მოიყრის თავს. დამატებით 20 ათასი ადამიანი კი ტრაფალგარის მოედანზე შეეგებება სამეფო წყვილს.