"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანმა საქართველომ" 19 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე განცხადება გააკეთა. განცხადების მიხედვით, მოძრაობის ლიდერ ნინო ბურჯანაძის ნათესავი მარინა ბიწაძე აეროპორტში დააკავეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხაცხყოფა მიაყენეს.
"ხელისუფლების ძალისმიერი, საზოგადოების დაშინებაზე ორიენტირებული პოლიტიკა შედეგს ვეღარ გამოიღებს. ვაფრთხილებთ სააკაშვილის ხელისუფლების უკანონო დაკვეთების შემსრულებლებს, საქართველოში სამართალი მოდის. თითოეული თქვენგანი კანონის ფარგლებში პასუხს აგებს ყველა უკანონობასა და დანაშაულზე. თქვენ, რომლებმაც არა მარტო გადააჭარბეთ თქვენს უფლებამოსილებას და დაარღვიეთ კანონი, არამედ ლაჩრულად, უღირსად მოექეცით ქალს, ფიზიკურად გაუსწორდით და მიზანმიმართულად იმოქმედეთ ისე, რომ მისთვის მორალური დარტყმა მიგეყენებინათ. უნდა იცოდეთ, რომ ხელისუფალნი მუდმივად ვერ ინარჩუნებენ ძალაუფლებას. დღევანდელი დამნაშავე ხელისუფლების დღეები დათვლილია და თქვენც მათთან ერთად პირისპირ აღმოჩნდებით ხალხის, კანონისა და სამართლის წინაშე", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, მსგავსი მეთოდებით "დემოკრატიულ მოძრაობას" ხელისუფლება ვერ შეაშინებს.