მოდის "სიგნალები" იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება სურს, _ ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის სურვილის მიუხედავად ეს შეუძლებელია.
"სიგნალები მოდის, რომ მზად არიან ჩვენთან სალაპარაკოდ იმისათვის, რომ მეორე დღეს გაიქცნენ ბრიუსელში ან ვაშინგტონში და მოახსენონ მარტივი რამ: ჩვენ ქართველებთან უკვე გვაქვს პირდაპირი დიალოგი და ჩვენთვის ეს პრობლემა მოხსნილია, თუმცა ეს შეუძლებელია არსებულ პირობებში, როდესაც მოსკოვს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%" - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, რუსეთის ტაქტიკაა ქვეყნისთვის აგვისტოს ომის შემდეგ წარმოშობილი "ახალი რეალობის" თავზე მოხვევა და "საქართველოს დანარჩენ 80%-თან მოლაპარაკებების სუფთა ფურცლიდან დაწყება".
"საქართველოს არც ერთი მთავრობა, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მნიშვნელობა არა აქვს, არასოდეს არავითარ დიალოგს არ დაიწყებს რუსეთთან, სანამ არ მოხდება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია", - განაცხადა ვაშაძემ.
"პირდაპირი დიალოგი დაიწყოს იმან, ვისაც სამშობლოს ღალატი აქვს გადაწყვეტილი," - განაცხადა მან დასძინა, რომ "იმწუთასვე გადავდები მე ამ პოსტიდან" თუ ვინმე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.