გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ხუთი ლიბიელი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ "ფრანც პრესი" გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
გერმანიის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შესახებ ბერლინში ლიბიის ელჩს ოფიციალურად აცნობეს. ლიბიის დიპლომატიური მისიის მეთაურს განუმარტეს, რომ მის თანამშრომლომლებს გერმანიის ტერიტორია ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ.
სააგენტოს ინფორმაციით, დიპლომატთა გაძევების მიზეზი გერმანიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლიბიელებზე ზეწოლაა. კონკრეტულად რას გულისხმობს გერმანიის ხელისუფლება ამ ფორმირების მიღმა, უცნობია.
2011 წლის თებერვალში გერმანიაში მცხოვრებ ლიბიის ერთ-ერთ მოქალაქეს 14-თვიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდეს. მას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ევროსაბჭოს ქვეყნებში ლიბიის სათვისტომოს წევრებზე შპიონაჟში ადანაშაულებდნენ. გამოძიების ვერსიით, მიღებულ მონაცემებს იგი ლიბიის ხელისუფლებას გადასცემდა. კერძოდ, მას მუამარ კადაფის რეჟიმის მოწინააღმდეგეების შესახებ მონაცემები აინტერესებდა.
შეგახსენებთ, გერმანია პირველი ქვეყანა არ არის, საიდანაც ლიბიელი დიპლომატები გააძევეს. 30 მარტს ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხუთი თანამშრომელი დიდ ბრიტანეთში პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადეს. მაშინ ინგლისის ხელისუფლება იტყობინებოდა, რომ ეს ადამიანები ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.