"დემოკრატიული მოძრაობის" შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ობიექტურია.
"დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "დემოკრატიის შუქურაში" დემოკრატიის სერიოზული პრობლემები და ჩამოთვლილი ყველა ფაქტი, არადიპლომატიურ ენაზე, ერთმნიშვნელოვნად ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში ტოტალიტარული სისტემა და ავტორიტარული რეჟიმია. დასკვნაში ხაზგასმულია ყველა ის უკანონობა, რომელსაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სჩადის, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, შერჩევითი სამართალი, ელიტარული კორუფცია და დაუსჯელობის სინდრომი, მედიაზე ზეწოლა, ბიზნესის ტერორი, დევნილთა უფლებების დარღვევა, პატიმრების მიმართ სასტიკი, არაჰუმანური მოპყრობა, ზეწოლა ადგილობრივი არჩევნების დროს", - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის პარტიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ წელს საქართველოში ირღვეოდა პატიმრების, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები.
ამასთან, დასკვნაში საუბარია, რომ საქართველოში კანონის შერჩევითი გამოყენებაა, ხდება მედიაზე ზეწოლა, ასევე საუბარია, რომ მთავრობაში მაღლი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით კორუფციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის ფაქტებზე.