რუსეთსა და პოლონეთს შორის ახალი სკანდალი მწიფდება.
რულის მედიის ცნობით, კონფლიქტის მიზეზი პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის "სმოლენსკში" მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილზე ახალი მემორიალური დაფის განთავსება გახდა, რომელზეც პოლონური წარწერის გვერდით რუსული მინაწერიც გამოჩნდა.
დაფის პოლონურ ენაზე გაკეთებულ წარწერაში მითითებული იყო, რომ პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია "კატანში პოლონელი სამხედრო ტყვეების საბჭოთა გენოციდის 70 წლისთავზე" მიემგზავრებოდა, ახალ მემორიალურ დაფაზე გაკეთებულ რუსულ წარწერაში კი გენოციდზე არაფერია ნათქვამი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარცინ ბოსაცკის თქმით, მემორიალური დაფის შეცვლის შესახებ მათ მხოლოდ სამგლოვიარო ღონისძიებების დაწყების წინ გაიგეს. ოფიციალური ვარშავის პოზიციას იზიარებს საზოგადოებრივი მოძრაობის "მემორიალის" პოლონური პროგრამების ხელმძღვანელი ალექსანდრე გურინოვიც და მიიჩნევს, რომ მემორიალის შეცვლის საკითხი პოლონურ მხარესთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო.
"თუ რუსულ მხარეს რაიმე პრეტენზია ჰქონდა მემორიალურ დაფასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, აუცილებელი იყო მის შესახებ პოლონური მხარე საქმის კურსში ჩაეყენებინა. დაფის მოულოდნელად შეცვლა გაუმართლებელია", - განაცხადა გურინოვმა.
"პოლონურ ენაზე მემორიალური დაფა დაღუპულთა ოჯახის წევრებმა რუსულ მხარესთან შეუთანხმებლად განათავსეს. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ამას არ ვეთანხმებოდით და გავაფრთხილეთ კიდეც, რომ ტრაგედიის წლისთავისთვის მემორიალურ დაფაზე წარწერები ორ ენაზე იქნებოდა შესრულებული", - ასე უპასუხა პოლონეთში გამოთქმულ უკმაყოფილებას სმოლენსკის მხარის გუბერნატორის პრესმდივანმა ანდრეი ევსენკოვმა.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა ალექსანდრე ტორშინმა კი "ეხო მოსკვის" ეთერში საუბრისას პოლონური მხარე პროვოკაციაში დაადანაშაულა და მემორიალური დაფის შეცვლის გამო "ვითარების დაძაბვისთვის" გააკრიტიკა.
"ძველ მემორიალურ დაფაზე ეწერა, რომ კატინის ტრაგედია იყო გენოციდი, თუმცა პოლონელი ოფიცრების დახვრეტა გენოციდად არავის უღიარებია. ასე რომ ამ წარწერის ავტორებს არავითარი იურიდიული საფუძველი არ ჰქონდათ ეს გაეკეთებინათ, თუმცა სპეციალურად, პროვოკაციისთვის მაინც დაწერეს. ეს გააზრებულად არის გაკეთებული", - აღნიშნა ტორშინმა.
შეგახსენებთ, რომ სმოლენსკში მომხდარი ტრაგედიიდან, რასაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკა და პოლონური პოლიტიკური ელიტის 90-ზე მეტი წარმომადგენელი ემსხვერპლა, დღეს ერთი წელი შესრულდა.