კოტ-დივუარის ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო აცხადებს, რომ მისთვის უმჯობესია მოკვდეს, ვიდრე სამარცხვინოდ ჩაბარდეს.ამის შესახებ მისი გარემოცვის წევრმა გი ლაბერტიმ აღნიშნა.
არჩეული პრეზიდენტის ალასანა უატარის ძალებმა ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციას ალყა შემოარტყეს, სადაც გბაგბო ოჯახთან ერთად მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. რეზიდენციაზე უშედეგოდ მიტანილი არაერთი შეტევის შემდეგ უატარმა განაცხადა, რომ გბაგბოს ბოლო წუთებს დაუცდის.
ლაბერტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის - ლორან გბაგბოს შესახებ წიგნის ავტორია და მის რეზიდენციაშიც იმყოფებოდა, აცხადებს, რომ რეზიდენციაში მიწისქვეშა ბუნკერი არ არსებობდა.
თუმცა ლაბერტიმ რეზიდენციის ქვემოთ მიწისქვეშა ორი ფენა შეამჩნია, რომლის ქვედა ნაწილიდანაც გვირაბი საფრანგეთის ელჩის რეზიდენციისკენ მიემართებოდა. ამასთან, მიწისქვეშა ობიექტს საკომუნიკაციო საშუალებები პირველი პრეზიდენტის_ფელიქს უფუზ-ბუანკის დროიდან ჰქონდა, როცა საფრანგეთი კოტ-დივუარის მფარველი იყო. მოგვიანებით გვირაბი ბრონირებული ფირფიტით ჩახერგეს.
უკანასკნელად ლაბერტიმ ყოფილი პრეზიდენტი თებერვალში ინახულა. მაშინ ლორან გბაგბომ ალასანა უატართან მოლაპარაკების გამართვისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა განმარტა, რომ არ მოაწერდა ხელს განცხადებას, რომლის თანახმადაც მან არჩევნები წააგო.
"გბაგბო აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ არჩევნები მოიგო", - აღნიშნა ლაბერტიმ.
შეგახსენებთ, კოტ-დივუარის ყოფილი და დღესაც მოქმედი პრეზიდენტი ლორან გბაგბო პოზიციას არ თმობს. იგი საკუთარ რეზიდენციაზე ოპოზიციის, საფრანგეთისა და ნატოს ძალების თავდასხმას მედგარ წინააღმდეგობას უწევს.