"ბევრ რამეს ვნანობ ყოველ ღამეს. სანამ დავიძინებ, განვლილ დღეს თვალს ვავლებ და ვუფიქრდები, რა გავაკეთე ამ დღეს. ეს ჩემი ცხოვრების წესია. ყოველთვის ვფიქრობ, იქნებ მეტის გაკეთება შემეძლო, იქნებ სხვაგვარად უნდა გამეკეთებინა",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია "სი-ენ-ბი-სისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
პრეზიდენტის თქმით, თუ განვლილ დღეზე არ ფიქრობს ადამიანი, მაშინ მას გაზრდის პოტენციალი არ აქვს.
"ყველაზე ცუდია, როდესაც თვითკმაყოფილი ხარ და ფიქრობ, რა მაგარი ვარ, სარკეში იყურები და ამბობ, აი, რა კარგად გავართვი საქმეს თავი. თუ ასეა, სჯობს, არ გაიღვიძო მეორე დღეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "სი-ენ-ბი-სის" . ჟურნალისტმა პრეზიდენტს თითქმის ყველა თემაზე დაუსვა თემა - ვარდების რევოლუცია და განვითარების რთული გზა, რუსეთ-საქართველოს ომი, ნატოში ინტეგრაცია, ევროკავშირთან ურთიერთობა და ის მხარდაჭერა, რასაც საქართველოს მსოფლიოს თანამეგობრობა უცხადებს.
ინტერვიუს ბოლოს კი საუბარი ბლიცინტერვიუს რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ჟურნალისტმა პრეზიდენტს აპოლიტიკური კითხვებიც დაუსვა.