დღეს, 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 20 წელი გავიდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი" მიიღო.
ამ თარიღთან დაკავშირებით, 12:00 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება საზოგადოებრივი კონფერენცია, თემაზე: "დამოუკიდებლობის 20 წლისთავი, მიღწევები და შეცდომები". გარდა ამისა, 12:00 საათზე დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, "თავისუფალი აზრის სახლი" პოლიტიკოსებთან და 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეებთან შეხვედრას გამართავს.
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის ერთადერთ შეკითხვას - "ხართ თუ არა თანახმა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა" - დადებითად უპასუხა.
1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ვინაიდან 1989 წლის 9 აპრილს, დილის ოთხ საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა დაარბიეს.