გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში, ალაზნის სარწყავ არხში თევზაობისთვის ბავშვები დააჯარიმეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაჯარიმებული ბავშვების მშობლებმა განუცხადეს, გდი-ის თანამშრომლებმა მოზარდებს თევზიც წაართვეს, რომლის რაოდენობაც 300 გრამს არ აღემატებოდა.
„სოფელში სხვა გასართობი არ არის და ბავშვები ხანდახან სათევზაოდ დადიან. ჯოხზე პატარა ბადე აქვთ მობმული და ლიფსიტებს იჭერენ. სახლში რომ დაბრუნდა ჩემი შვილი, მითხრა ვიღაცეები იყვნენ და 50 ლარით დაგვაჯარიმესო. ერთ-ერთი თანამშრომლის ტელეფონის ნომერი მომცა. დავურეკე და ვკითხე, რატომ დააჯარიმეთ მეთქი. მიპასუხა, უკანონოდ თევზაობდნენ და ჯარიმის ქვითარს ფოსტით მიიღებთო", - აღნიშნა ერთ-ერთი დაჯარიმებული ბავშვის მშობელმა.
გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროში განმარტეს, რომ ბავშვებმა დაარღვიეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლი, რომელიც დადგენილი წესის დარღვევით, თევზის მოპოვებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 50-დან სამას ლარამდე, თევზის კონფისკაციით.