"სააქციო საზოგადოება საპარტნირო ფონდის შესახებ" კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით 72 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
მიღებული კანონპროექტის თანახმად, საპარტნიორო ფონდი პრეზიდენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. კერძოდ, ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის დასრულების ერთი თვის ვადაში, ფონდის სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც მინისტრთა კაბინეტისგან შედგება, პრეზიდენტს სპეციალურ ფინანსურ ანგარიშს წარუდგენს. ასევე, სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული იქნება პრეზიდენტს მოთხოვნის შემთხვევაში, მსგავსი ანგარიში, ნებისმიერ დროს წარუდგინოს.
ფონდიდან გარკვეული თანხების ხარჯვაზე კონტროლს კონტროლის პალატა განახორციელებს. საუბარია სახელმწიფოს წილობრივი საწარმოს დივიდენდებიდან მიღებულ და პრივატიზების შედეგად მიღებული თანხების ფონდის მიერ ხარჯვაზე.
მთავრობა საპარტნიორო ფონდს შეფერხებული პროექტების დაფინანსებისთვის ქმნის. ფონდიდან თანადაფინანსებას მიიღებს სოფლის მეურნეობაში განსახორციელებელი ის პროექტები, რომელთა ინვესტირება არა ნაკლებ 5 მილიონი ლარის ოდენობით უნდა განხორციელდეს, არასასოფლო დარგში კი არა ნაკლებ 30 მილიონი ლარის.