"ჩემს შესახებ დაწერილი სიმართლეს არ შეესაბამება",_ამის შესახებ მეთიუ ბრაიზამ სომხური პრესის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, სომხური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სომხური დიასპორა აზერბაიჯანში მის ელჩად დანიშვნის საწინააღმდეგო კამპანიას წამოიწყებს.
ბრაიზამ აღნიშნა, რომ სომხური დიასპორის მიერ გავრცელებული განცხადება ჭეშმარიტებას არ შეესაბამება.
"ჩემს შესახებ დაწერილი სიმართლე არაა. თუმცა ყველა ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება აქვს",_აღნიშნა ბრაიზამ.
კონკრეტული თარიღი, თუ აშშ-ის სენატში აზერბაიჯანის ელჩად მის დანიშვნასთან დაკავშირებული მოსმენა როდის გაიმართება, მეთიუ ბრაიზასთვის უცნობია.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სენატში გამოსვლისა და საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა მექნება",_ აღნიშნა ბრაიზამ.
შეგახსენებთ, 2010 წლის 30 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესის წევრთა შვებულებაში ყოფნის დროს საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენა და 6 ქვეყნის ელჩი დანიშნა, მათ შორის იყო მეთიუ ბრაიზაც, აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში.
პრეზიდენტის განკარგულებით, ელჩებს შეუძლიათ, თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას სენატის მიერ მათი კანდიდატურების დამტკიცების გარეშეც შეუდგნენ. თუმცა თუ სენატი კონგრესის მომდევნო სესიამდე (2011 წლის ნოემბერ-დეკემბრამდე) ელჩებს არ დაამტკიცებს, პრეზიდენტის განკარგულება ძალას დაკარგავს.