თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა ანკარაში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ლიბიის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გეგმის დეტალებზე მუშაობს. ამის შესახებ "გარდიანი" იტყობინება.
თურქეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, საკუთარ წინადადებებს ანკარა ლიბიის შესახებ გამართულ კონფერენციაზე წარადგენს, რომელიც ყატარში მომავალ კვირას გაიმართება.
ამ ეტაპზე თურქეთის გეგმა ძირითად პუნქტებს მოიცავს. კერძოდ, ლიბიის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტა, სამთავრობო ჯარების მიერ დაკავებულ ყველა ქალაქში ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა და ტრიპოლსა და ბენგაზს შორის მოლაპარაკების დაწყება, რის შემდეგაც ლიბიაში პოლიტიკური სიტუაცია უნდა შეიცვალოს და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს.
ყველა ეს წინადადება ოფიციალურ ტრიპოლს დიპლომატიური საშუალებით გააცნეს, თუმცა მათზე რეაგირება არ მომხდარა.
უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ტრიპოლში ყოფილი ამერიკელო კონგრესმენი კურტ უელდონი ჩავიდა, რომელმაც ვაშინგტონში შემუშავებული კრიზისიდან გამოსვლის ვარიანტი მუამარ კადაფის შესთავაზა. ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, ამერიკის გეგმა კადაფის ხელისუფლებისგან ჩამოცილებასაც ითვალისწინებდა. მეტიც, კადაფის აფრიკის კავშირი საპატიო თავმჯდომარის პოსტს სთავაზობდნენ.
ამერიკის მიერ შეთავაზებული ეს გეგმა ოფიციალურად ჯერ არ გახმაურებულა, რადგან კადაფი კვლავაც აყოვნებს ამერიკელი შუამავლის მიღებას.
შეგახსენებთ, ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირება 2011 წლის თებერვალში დაიწყო, როცა მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი და ლიბიის დასავლეთით მდებარე მთელი რიგი ქალაქები აჯანყდნენ.