ქართული ღვინოების ეტიკეტზე სპეციალური ჰოლოგრამა "მოწონებულია" და შიდა ბაზარზე გასატანი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებზე დეგუსტაციის სავალდებულოობა უქმდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში, რომელსაც მეორე მოსმენისას შიდა ბაზარზე გასატან ადილწარმოშობის დასახელების ღვინოებზე დეგუსტაციის სავალდებულოების გაუქმებაც დაემატა.
პროექტში ჩაიწერა, რომ დეგუსტაცია სავალდებულო იქნება მხოლოდ ექსპორტზე გასატანი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების შესაბამისობის სერტიფიკატის გასაცემად.
აღნიშნული ცვლილება დეპუტატმა თამაზ დიასამიძემ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ თუ პარლამენტი აღნიშნულ გადაწვეტილებას მიიღებს, ამით ადგილობრივი მომხმარებლების უფლებებს შელახავს.
მისი თქმით, შეცდომა იყო, როდესაც ღვინის ჩამოსხმისას ზონების დაცვის აუცილებლობა გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება ძველ დროს დააბრუნებს, როდესაც ყველა ჯიხურში უხარისხო ღვინო იყიდებოდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის წევრმა, ცაგერის მაჟორიტარმა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა "თელავის ღვინის მარანი" "უსახელაურის" ღვინის გაყალბებაში დაადანაშაულა და მოითხოვა, ღვინის ექსპერტიზა ჩატრებულიყო.